ცხელი ხაზი : 599647050

მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქეები

 

1.  მამანტი  ძაძამია

 

მამანტი ძაძამია დაიბადა 1940 წლის 29 მაისს წალენჯიხის რაიონის სოფელ ეწერში.
მამანტი ძაძამიამ წარჩინებით დაამთავრა: 1958 წელს _ კალისტრატე ნესტორის ძე შეროზიას სახელობის წალენჯიხის საშუალო სკოლა, 1965 წელს _ საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის სუბტროპიკული ფაკულტეტი, 1984 წელს _ საქართველოს სახალხო მეურნეობის ეკონომიკის მართვის ინსტიტუტი, 1989 წელს _ საქართველოს სოფლის მეურნეობის ეკონომიკის მართვის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურა.
მამანტი ძაძამიას მამა ბესარიონი ავტოკატასტროფაში გარდაიცვალა 1958 წელს, რის გამოც, მამანტის უმაღლესში სწავლა მოუწია დაუსწრებლად, საზოგადოებრივ შრომით საქმიანობასთან შეთავსებით. 
მამანტი ძაძამია სხვადასხვა დროს მუშაობდა: მშობლიური სოფლის კოლმეურნეობაში ფიზიკურად (VI 1958 წ. – IX 1963 წ.), წალენჯიხის რაიაბრაშუმის უბნის აგრონომად (IX 1963 წ. _ XII 1962 წ.), საქართველოს კომკავშირის ზუგდიდის რაიკომის ინსტრუქტორად (IX-XI 1963 წ.), საქართველოს კომკავშირის წალენჯიხის რაიკომის პირველ მდივნად (XII 1963 წ. _ XII 1070 წ.), წალენჯიხის რაიონის სოფელ ჩქვალერის კოლმეურნეობის თავმჯდომარედ (XII 1970 წ. _ V 1974 წ.), წალენჯიხის რაიონის სოფლის მეურნეობის სამმართველოს უფროსის მოადგილედ და მთავარ აგრონომად (V 1974 წ. _ IX 1977 წ.), საქართველოს კომპარტიის წალენჯიხის რაიკომის საერთო განყოფილების გამგედ (VX 1977 წ. _ X 1980 წ.), წალენჯიხის რაიონის აგროსამრეწველო გაერთიანების საბჭოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ (X 1980 წ. _ VI 1982 წ.), საქართველოს კომპარტიის წალენჯიხის რაიკომის სოფლის მეურნეობის განყოფილების გამგედ (VI 1982 წ. _ X 1986 წ.), სოფლის მეურნეობის მუშაკთა პროფკავშირის წალენჯიხის რაიკომის მდივნად (X 1986 წ. _ X 1989 წ.), პროფკავშირთა გაერთიანების წალენჯიხის რაიონული საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ (X 1989 წ. _ XI 1991 წ.), ზუგდიდის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის უფროს მეცნიერ-მუშაკად (XI 1993 წ. _ X 1994 წ.), ამავე უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის დოცენტად (X 1994 წ. _ X 1995 წ.) და პროფესორად (X 1995 წ. _ XI 1997 წ.), ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუგდიდის ფილიალის დოცენტად, კონსულტანტად, პროფესორად (IX 1996 წ. _ VII 2005 წ.), გალის ჰუმანიტარულ-ეკონომიკური ინსტიტუტის, შემდგომში უნივერსიტეტის პროფესორად (IX 1996 წ. _ VII 2005 წ.), თბილისის ჰუმანიტარულ-ეკონომიკური უნივერსიტეტის, შემდგომში თბილისის ევროპული უნივერსიტეტის წალენჯიხის ფილიალის პროფესორად და პრორექტორად სამეცნიერო დარგში. მრავალჯერ იყო არჩეული საქართველოს კომკავშირის ცენტრალური სარევიზიო კომისიის წევრად, საქართველოს კომკავშირის ცენტრალური კომიტეტის წევრობის კანდიდატად, საქართველოს კომპარტიის წალენჯიხის რაიკომისა და ბიუროს წევრად, მშრომელთა დეპუტატების წალენჯიხის რაიონული და ჯვარის საქალაქო საბჭოების დეპუტატად. წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა სამეცნიერო-ტექნუკური საზოგადოების რაიონულ საბჭოს და მის მიერვე შექმნილ მრავალდარგოვან სახალხო უნივერსიტეტს. ყველგან, სადაც კი უმუშავნია, თავისი ნიჭიერებით, უანგარობითა და ორგანიზატორული უნარით მუდამ აღწევდა მაღალ წარმატებებს და იმსახურებდა ადამიანების სიყვარულსა და პატივისცემას. ამ თანამდებობებზე მუშაობის პერიოდში გამოვლენილმა სიკეთემ, სიმართლისმოყვარეობამ, პრინციპულობამ და პატიოსნებამ მას უამრავი კეთილისმსურველი და მეგობარი შესძინა. მამანტი ძაძამიამ თავისი პრინციპულობა და უზადო პატიოსნება არ გაცვალა პრივილეგიებსა და ჩინ-მედლებზე და, საბოლოოდ, დაკარგა რა რწმენა საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიისადმი, დატოვა ჯერ პარტიული სამუშაო და მერე (1988 წ.) თვით პარტიის რიგები. ქვეყნად ეროვნული მოძრაობის გაშლის პერიოდში იგი ერთ-ერთი პირველთაგანი დადგა პატრიოტთა გვერდით და აქტიურ მონაწილეობას იღებდა სამშობლოს თავისუფლებისათვის ბრძოლაში, რის გამოც მისი, და, ოჯახის წევრების სიცოცხლე არაერთხელ აღმოჩნდა ხიფათში...
მამანტი ძაძამია ახალგაზრდობიდანვე იჩენდა დაინტერესებას მეცნიერების სხვადასხვა დარგში. მას გააჩნია მაღალტიტულოვანი სპეციალისტების მიერ სადისერტაციო დონის შესატყვისად შეფასებული სამეცნიერო ნაშრომები: 1. აგროქიმიაში: `კირისა და მინერალური სასუქების გავლენა სიმინდის მოსავლიანობაზე ეწერმიწა ნიადაგების პირობებში~ (ხელმძღვანელი, პროფესორი გიორგი გოლეთიანი), 2. ისტორიასა და ეთნოგრაფიაში: `წალენჯიხის რაიონის ისტორია~; `სამეგრელოს ეთნოგრაფია~ (რეცენზენტები: პროფესორი კლიმენტი შელია და პროფესორი ვალერიან ითონიშვილი), 3. სოფლის მეურნეობის ეკონომიკაში: `სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეკონომიკური ეფექტიანობა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობების პირობებში~ (სადისერტაციო ნაშრომის ხელმძღვანელი, პროფესორი ომარ ვაშაკიძე), და ენათმეცნიერებაში, რაც, საბოლოოდ, მისი განსაკუთრებული დაინტერესების საგანი გახდა.
მამანტი ძაძამიას, თანაავტორ ქალიშვილთან _ ცირა ძაძამიასთან ერთად, გააჩნია 3200-მდე, გამოქვეყნებული თუ ჯერაც გამოუქვეყნებელი, საენათმეცნიერო ნაშრომი, მათ შორის, 10 მონოგრაფია, აქედან: ერთი შვიდტომეული, ერთი სამტომეული და ერთიც ოცტომეული. მათი კვლევის ძირითადი საკითხია ენის წარმოშობის საფუძვლები, საერთოდ ენის ფენომენი.
მამანტი ძაძამია ბოლო 15 წლის განმავლობაში, ვიდრე პენსიაზე გასვლამდე, ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში. მას, ზუგდიდის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით მიენიჭა, ჯერ უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის (1993 წ.), შემდეგ დოცენტის (1994 წ.), და ბოლოს, პროფესორის (1995 წ.) წოდებანი და შესაბამისი჻თანამდებობანიც. 1996 წელს მას ირჩევენ აგრეთვე გალის ჰუმანიტარულ-ეკონომიკური ინსტიტუტის, შემდგომში უნივერსიტეტის პროფესორად, 2002 წლიდან მუშაობდა თბილისის ჰუმანიტარულ-ეკონომიკური უნივერსიტეტის, შემდგომში ,,თბილისის ევროპული უნივერსიტეტის~ წალენჯიხის ფილიალის პროფესორად და პრორექტორად სამეცნიერო დარგში. 2005 წელს არჩეულ იქნა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუგდიდის ფილიალის საპატიო პროფესორად. 10 წლის განმავლობაში კითხულობდა ლექციებს აქვე: მათ შორის, 7 წლის განმავლობაში ასწავლიდა სტუდენტ ახალგაზრდობას, ფაკულტატურულად, მის მიერ (თანაავტორ ქალიშვილ ცირა ძაძამიასთან ერთად) ენათმეცნიერებისათვის შეთავაზებულ ახალ დარგს _ ,,სიტყვათწარმომავლობის საფუძვლები~, იგივე, `ენის წარმოშობის საფუძვლები~.
მამანტი ძაძამია 1997 წლიდან არის საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპოდენტი, 2003 წლიდან _ კოლხური კულტურული მემკვიდრეობის შესწავლისა და დაცვის ასოციაციისა და მასთან არსებული აკადემია `აია~-ს პრეზიდენტი, ხოლო შემდგომში, 2007 წლიდან _ საქართველოს მეცნიერებათა აკადემია აია~-ს პრეზიდენტი, 2005 წლიდან _ საქართველოს ეროვნულ და სოციალურ ურთიერთობათა აკადემიის, ფაზისის მეცნიერებათა აკადემიისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი, აკადემიკოსი, 2010 წლიდან _ საქართველოს ფაზისის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის წევრი, 2011 წლიდან _ საქართველოს მწერალთა, მეცნიერთა და საზოგადო მოღვაწეთა აკადემიის აკადემიკოსი, ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი და ამავე აკადემიასთან არსებული დიმიტრი გულუას სახელობის ისტორიის, ენისა და ლიტერატურის ინსტიტუტის საპატიო პროფესორი. 
ყოველივე ეს ნათლად მეტყველებს მამანტი ძაძამიას დამსახურებაზე მეცნიერების დარგში და მის აღიარებაზე ჭეშმარიტი მეცნიერების მიერ.
მამანტი ძაძამია დაჯილდოებულია მედლებით, საპატიო და ქების სიგელებით, `სახალხო განათლების წარჩინებულის~ სამკერდე ნიშნით; არის უფროსი ლეიტენანტი და შრომის ვეტერანი. 
მართალი სიტყვა, სინდისი და პატიოსნება, _ ესაა მამანტი ძაძამიას ცხოვრების კრედო. 
მამანტი ძაძამიას მეუღლე ელეონორა მებონია სპეციალობით პედაგოგია. შვილები ცირა, ირინე, ია და ბესარიონ (ბესიკი) ძაძამიები სხვადასხვა უნივერსიტეტისა და მაგისტრატურის წარჩინებით კურსდამთავრებულები არიან და კვლავაც იმაღლებენ კვალიფიკაციას მეცნიერების სხვადასხვა დარგში. მათ შორის, ცირა ძაძამია ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორია და არის საქართველოს `ფაზისის~ მეცნიერებათა აკადემიის, აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის, საქართველოს მწერალთა, მეცნიერთა და საზოგადო მოღვაწეთა მეცნიერებათა აკადემია `ქალდეა~-ს, ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიისა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემია `აია-~ს აკადემიკოსი, მათ შორის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემია `აია~-ს ვიცე-პრეზიდენტი. იგი, ამავე დროს, არის თბილისის ევროპულ უნივერსიტეტთან არსებული წალენჯიხის კოლეჯისა და ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიასთან არსებული დ. გულიას სახელობის ისტორიის, ენისა და ლიტერატურის ინსტიტუტის პროფესორი. ია ძაძამია არის საქართველოს მეცნიერებათა აკადემია `აია~-ს აკადემიკოსი და საბუნებისმეტყველო განყოფილების გამგე, ბესარიონ ძაძამია _ ამავე აკადემიის აკადემიკოსი და სწავლული მდივანი, მეუღლე ელეონორა მებონია _ ამავე აკადემიის აკადემიკოსი. მამანტი ძაძამიას ხელმძღვანელობით მოქმედი საქართველოს მეცნიერებათა აკადამია `აია~-ს 60-მდე ნამდვილი წევრიდან (აკადემიკოსიდან), 42 მეცნიერაბათა დოქტორი, პროფესორი და სხვადასხვა მეცნიერებათა აკადემიის წევრია, 4 მათგანი აკადემიების პრეზიდენტია, 3 წევრი მოღვაწეობს ამერიკის შეერთებული შტატების სხვადასხვა უნივერსიტეტში, 5 კი თურქეთში მოღვარე ლაზია (ქართველია). სამომავლოდ ეს აკადემია საერთაშორისო მეცნიერაბათა აკადემიად ქცევას იზრახავს.

 

 

 

 

2. ნიკოლოზ  ანთიძე 

3.რეზო შონია

გააზიარე