ამ წუთებში ზუგდიდში, იუსტიციის სახლთან საპროტესტო აქცია იმართება
რუსულ კანონს სამეგრელოშიც აპროტესტებენ.
“ჩვენ ვუერთდებით ამ პროტესტს, წალენჯიხა ეწინააღმდეგება რუსული კანონის მიღებას, რუსული კანონის მიღება არ უნდა დავუშვათ”, – ამბობს “თაიმერთან” საუბარში წალენჯიხის მერის მოადგილე, თამარ ბელქანია.
მისი თქმით, ახალგაზრდებს არ სურთ რუსეთში ცხოვრება.
“ახალ თაობას სურს განვითარება, არ უნდათ ემიგრაციაში წასვლა და რუსულ ველში დაბრუნება. მათ უნდათ თავისუფლება”, – აღნიშნავს ბელქანია.
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე 7 მარტს დილის 09:30 საათიდან შეიკრიბნენ მოქალაქეები, რომლებიც რუსული კანონის განხილვას აპროტესტებდნენ. აქტივისტები მას შემდეგ დაიშალნენ, რაც ცნობილი გახდა, რომ კანონს 9 მარტს განიხილავდნენ. თუმცა მამუკა მდინარაძის ინიციატივით, კანონი პლენარულ სხდომაზე ხუთშაბათის ნაცვლად გუშინვე განიხილეს.
განხილვის დაწყებისთანავე მოსახლეობა კვლავ პარლამენტთან შეიკრიბა. მას შემდეგ, რაც ოცნებამ, პირველი მოსმენით, რუსული კანონპროექტის მიღებას მხარი დაუჭირა ტერიტორიაზე ვითარება გამწვავდა.
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ეზოში სპეცრაზმი იყო მობილიზებული. ასევე, მობილიზებული იყო წყლის ჭავლის მანქანა.
ქართულმა ოცნებამ კანონპროექტს მხარს დაუჭირა. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ მსგავსი კანონი აშშ-შიც მოქმედებს, ამავე არგუმენტს იყენებდა რუსეთიც. თუმცა ისინი მანიპულირებენ, როდესაც ამერიკული კანონის მოქმედების დეტალებზე არ საუბრობენ. ამერიკული კანონი სხვა სახელმწიფოების პოლიტიკური ლობიზმის გამოსავლენადაა მიმართული, განსხვავებით ქართული ოცნების რუსული კანონისგან.