ლელა ჯეჯელავა-ამონარიდი,გიორგი ხარჩილავას სამძიმრის წერილებიდან
⚫გუშინ გია ხარჩილავამ საბოლოოდ გამარკვია რაშია წალენჯიხის, თავისუფლების- პატარა კუნძულის საიდუმლო, რომელიც ისტორიის სწორ მხარეს დგას თითქმის ყოველთვის.
აქაც ჩვეულებრივად უყვართ და სძულთ, აქაც იყიდებიან და ყიდიან, აქაც ჩვეულებრივად ტკენენ და ტკივათ, ცოდავენ, ინანიებენ და შეიძლება არც მოინანიონ, შურთ და დიდი კაცი თუ გამოერიათ იქაც კორტნიან, მაგრამ წალენჯიხელების უმრავლესობას აქვს ერთი დიდი ამბიცია.: მთავარი ის კი არ არის რამდენს იცოცხლებ, არამედ როგორ იცოცხლებ.
დავრწმუნდი, რომ ამას წალენჯიხაში ჯერ კიდევ დედები ასწავლიან შვილებს. გია ხარჩილავას და ნიკო კვარაცხელიას დედების მნახველს უკვე აღარ მიკვირს რატომ შემოგვრჩა თავისუფლების ეს პატარა კუნძული საქართველოში.
იქ კიდევ ბევრი დედა გაზრდის შვილს მიზნით, რომელიც სიცოცხლეზე მეტია და თავისუფლების ეს პატარა კუნძული სულ იქნება საქართველოს ისტორიის სწორ მხარეს.