სოფელ ნაკიფუში მინი სტადიონის რეაბილიტაცია იწყება
სოფელ ნაკიფუში რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, მცირე ინფრასტრუქტურული სამუშაოები იწყება. ამჯერად, ნაკიფუში, ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნითა და წალენჯიხის მერიის აქტიური მხარდაჭერით, მინი სტადიონი რეაბილიტირდება.
ადგილობრივებმა სტადიონის რეაბილიტაცია საკუთარი ძალებით დაიწყეს – ტერიტორია ეკალ-ბარდებისა და ბუნებრივი ნარჩენებისგან გაწმინდეს. სამუშაო პროცესში წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიაც ჩაერთო და გადაწყდა, რომ რეაბილიტაციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 10 ათასი ლარი დახარჯულიყო.
დღეს, ნაკიფუში წალენჯიხის მერის მოადგილე, ივანე ბურდული ჩავიდა, რომელმაც, ადგილობრივებთან ერთად, სტადიონის ინფრასტრუქტურის ნახაზი დაგეგმა – მოსახლეობასთან შეთანხმებით გადაწყდა, თუ სად მოეწყობა ტრიბუნები, როგორ აშენდება ფეხბურთელებისთვის გასახდელები, საშხაპეები და ა.შ.