ჯგალი – სოფელი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის წალენჯიხის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფლები: ლეთკანთი, ლეკაკულე, ლესალე, ლეხარჩილე). მდებარეობს მდინარე ჭანისწყლის მარცხენა სანაპიროზე, ზღვის დონიდან 230 მეტრზე, წალენჯიხიდან დაშორებულია 7 კილომეტრით, ზუგდიდიდან 29 კმ-ით.
სოფელი უბნებად არის დაყოფილი. თითოეული მათგანი ერთგვარი შენაკადია, რომელსაც რაღაც ნიშან-თვისება, თვითმყოფადობა გააჩნია და საკუთარი ელფერი დაჰკრავს, რაც, უპირველეს ყოვლისა, დაკავშირებულია მოსახლეობის წარმომავლობასა და ცხოვრების ადგილობრივ პირობებთან. ესენია: სქური, ლეთოფურე, კანთი.
ჯგალიდან თბილისამდე მანძილი საავტომობილო გზით 374 კმ-ია. ჯგალიდან ზუგდიდამდე 30 კმ-ია, წალენჯიხამდე 7 კმ, ფოთამდე კი – 72 კმ. სოფ. ჯგალს ესაზღვრება შემდეგი სოფლები: ჩრდილო-დასავლეთით — სოფ. საჩინო, ჩრდილო-აღმოსავლეთით — სოფ. მედანი, სამხრეთით — სოფ. მიქავა (ფუქი) და აღმოსავლეთით — სოფ. მუხური.
სოფ. ჯგალი მდიდარია ბუნებრივი რესურსებით. გვხვდება ჰიდრორესურსები, ხე-ტყის რესურსები, მინერალური წყალი „სქური“, მინერალი დოლომიტი.