წალენჯიხაში დიდთოვლობისგან გამოწვეული ყველა პრობლემა მოგვარდა
წალენჯიხაში დიდთოვლობაა, რამაც მუნიციპალიტეტში სერიოზული პრობლემები შექმნა.
წალენჯიხის მერის მოადგილის, თამარ ბელქანიას თქმით, ამ დროისთვის თითქმის ყველა პრობლემა მოგვარებულია. გაიხსნა მესტიისკენ მიმავალი გზაც.
“ძალიან დიდი თოვლი მოვიდა. მესტიისკენ მიმავალი გზაც ჩაიკეტა. ამ დროისთვის ეს გზა გაწმენდილია და მოძრაობა თავისუფალია. გაწმენდილია შიდა გზებიც. ტრაქტორი მუშაობს”, – აცხადებს „თაიმერთან“ საუბარში თამარ ბელქანია.
ცნობისთვის, უამინდობის შედეგად, წალენჯიხას რამდენიმე საათით ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა.
როგორც ბელქანია განმარტავს, წაიქცა დენის ბოძები და ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა, თუმცა, ამ დროისთვის აღნიშნული პრობლემა უკვე მოგვარებულია.
დიოდთოვლობის გამო რამდენიმე სკოლამ ფუნქციონირება შეწყვიტა. ბავშვები სკოლაში ვერ წავიდნენ.
რაც შეეხება, სააღმზრდელო დაწესებულებებს, მერის მოადგილის განმარტებით, თითოეული ბაღი მომარაგებულია შეშით.
“ამ დრისთვის ყველა პრობლემა მოგვარებულია. სინოპტიკოსების ინფორმაციით, საღამოს რვა გრადუსი ყინვაა მოსალოდნელი. ჩვენ ყველფრისთვის მზად ვართ. შექმნილია საგანგებო შტაბი, ქალაქის მერის მოადგილესთან ერთად. ჩვენ, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მოსახლეობას პრობლემები თავიდან ავარიდოთ”, – აღნიშნა თამარ ბელქანიამ.