საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, საქართველოს პარლამენტის წევრებთან – ირაკლი ზარქუასთან და ილია ინჯიასთან, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ გიორგი შონიასთან და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, წალენჯიხის №1 საჯარო სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა. შეხვედრაზე მინისტრმა ახალი სკოლის მშენებლობისთვის მიმდინარე მოსამზადებელი პროცესი და პროექტირების ეტაპი წარადგინა, ასევე მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილ საგანმანათლებლო, სპორტულ და სხვა საჯარო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა.
რევაზ სოხაძემ აღნიშნა, რომ ქალაქ წალენჯიხის №1 საჯარო სკოლისთვის 600 მოსწავლეზე გათვლილი თანამედროვე სასწავლო სივრცის პროექტირება მიმდინარეობს. მისი თქმით, ახალი სკოლა სრულად იქნება მორგებული თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტებს და მოსწავლეებსა და პედაგოგებს უსაფრთხო, კომფორტულ და სრულფასოვან გარემოს შესთავაზებს.
“ახალი საჯარო სკოლის შენებლობა არა მხოლოდ ინფრასტრუქტურული განახლებაა, არამედ ჩვენი შვილების მომავლისა და უკეთესი სასწავლო პირობების გარანტია. მადლობას ვუხდი ჩვენს სტუმრებსა და პარტნიორებს, რომელთა ჩართულობითა და თანადგომითაც ეს იდეა რეალობად იქცევა,“ აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა.