ცხელი ხაზი 599 647050

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და სტრატეგიული განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №–

2026 წლის — ივლისი

ქ. წალენჯიხა

 

 

 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და სტრატეგიული განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

 

 

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,“ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 

მუხლი 1.

 

დამტკიცდეს თანდართული „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და სტრატეგიული განვითარების სამსახურის დებულება“.

 

მუხლი 2.

 

დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 15 აგვისტოდან.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი

 

 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და სტრატეგიული განვითარების სამსახურის დებულება

 

თავი I

ზოგადი დებულებანი

 

მუხლი 1. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და სტრატეგიული განვითარების სამსახური

  1. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და სტრატეგიული განვითარების სამსახური (შემდგომ – სამსახური):

ა) წარმოადგენს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის პირველად სტრუქტურულ ერთეულს,  რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოქმედებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) მთელ ტერიტორიაზე;

ბ) თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონით ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტებით, ,,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით, ამ დებულებით და მუნიციპალიტეტის ორგანოების სხვა სამართლებრივი აქტებით;

გ) ანგარიშვალდებულია მერიის წინაშე.

  1. სამსახურის:

ა) საქმიანობაზე საერთო ხელმძღვანელობასა და ზედამხედველობას ახორციელებს მუნიციპალიტეტის მერი ან/და მუნიციპალიტეტის მერის ერთ-ერთი მოადგილე;

ბ) ადგილსამყოფელია: ქ. წალენჯიხა, სალიას ქ. №5.

  1. სამსახურს გააჩნია ბეჭედი და საკუთარი ბლანკი.

 

 

თავი II

სამსახურის საქმიანობა

 

მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები

სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აღრიცხვას და რეგისტრაციას;

ბ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საკადასტრო მონაცემების მონიტორინგს;

გ) მუნიციპალიტეტის სარგებლობაში არსებული ქონების რეგისტრაციას;

დ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას მუნიციპალიტეტის ქონებისათვის კატეგორიის შეცვლის თაობაზე;

ე)მუნიციპალური ქონების განკარგვასთან დაკავშირებით შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას;

ვ) მუნიციპალური ქონების პრივატიზაციის გეგმის შემუშავებას და განხორციელებას;

ზ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში სხვადასხვა სფეროზე ორიენტირებული პროექტებისა და პროგრამების განხილვასა და მომზადებას;

თ) ინოვაციური პროექტებისა და პროგრამების მომზადებას, მათი განხორციელების ხელშეწყობასა და სამართლებრივი დოკუმენტების პროექტების მომზადებას;

ი) მუნიციპალური სერვისების განვითარებას და მომსახურების ინოვაციური პროდუქტების შემუშავებას;

კ) მუნიციპალური სტატისტიკისა და მონაცემთა ციფრული ბაზების შემუშავებას;

ლ) თანამშრომლობას საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან, ინვესტიციების და ინოვაციური პროექტების მოზიდვის მიზნით;

მ) მუნიციპალიტეტის საინვესტიციო პოტენციალის იდენტიფიცირებასა და შესაბამისი აქტივობების მხარდაჭერას;

ნ) საინვესტიციო პორტფელის, პუბლიკაციებისა და ციფრული კატალოგის შექმნას;

ო) საინვესტიციო პოტენციალის მქონე დარგების შესახებ საჭირო ინფორმაციის თავმოყრას შემდგომში ინვესტორებისთვის გაცნობის მიზნით;

პ) საინვესტიციო ფორუმებში, კონფერენციებში და ტურისტულ გამოფენა-გაყიდვებში მონაწილეობის მიღებას;

ჟ) საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან, არასამთავრობო სექტორთან,  ურთიერთობას;

რ) დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობასა  და საგრანტო განაცხადების წარდგენას;

ს) მუნიციპალიტეტის თანამშრომლობის ორგანიზებას საქართველოსა და უცხო ქვეყნების სხვა მუნიციპალიტეტებთან.

ტ) თავისუფალი პროექტების, პროგრამების, ინოვაციური და სხვა ღონისძიებების მხარდაჭერას.

უ) ტურიზმისა და შემოქმედებითი ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობას;

ფ) განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროს განვითარების მიზნით მუნიციპალური, საინვესტიციო და დონორული პროგრამების/პროექტების შემუშავება, განხორციელება და მიმდინარეობის მონიტორინგი;

ქ) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების (ააიპ) საქმიანობის, სამუშაო გეგმებისა და ბიუჯეტის პროექტების განხილვა, შეთანხმება;

ღ) სოციალურად დაუცველ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა (მათ შორის, ბავშვებისა და ახალგაზრდების) საზოგადოებრივი ინტეგრაციის, კულტურულ-საგანმანათლებლო, სპორტული და ინკლუზიური პროექტების კოორდინაცია;

ყ) საგანმანათლებლო, სკოლამდელი, სახელოვნებო, საბიბლიოთეკო და კულტურული მემკვიდრეობის ინფრასტრუქტურის, ასევე ტურისტული პოტენციალისა და მარშრუტების განვითარების ხელშეწყობა/პოპულარიზაცია;

შ) ფიზიკური აღზრდის, მასობრივი სპორტის, სტუდენტური/ახალგაზრდული ინიციატივების, სტაჟირებისა და დასაქმების პროგრამების მხარდაჭერა და კერძო თუ საჯარო სექტორთან თანამშრომლობა;

ჩ) განყოფილების კომპეტენციის ფარგლებში შემოსული განცხადებების განხილვა, მერის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, პროგრამული ბიუჯეტის შემუშავებაში მონაწილეობა და ანგარიშგება;

ც) სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლებში ინფორმაციის შეუფერხებლად გამოთხოვა/მიღება, შესაბამის სპეციალისტთა მოწვევა და თათბირების, სამუშაო შეხვედრებისა თუ სხვა ორგანიზაციული ღონისძიებების გამართვა;

ძ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

 

 

თავი III

სამსახურის სტრუქტურა

 

მუხლი 4. სამსახურის სტრუქტურა და შემადგენლობა

 

  1. სამსახური შედგება პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის – სამსახურის უფროსის და სტრუქტურული ქვედანაყოფების – განყოფილებებისაგან.
  2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) ქონების მართვისა და ეკონომიკის სტრატეგიული განვითარების განყოფილება;

ბ) პროექტებისა და პროგრამების  მართვის განყოფილება;

გ) მოსაკრებლების აღრიცხვისა და მართვის განყოფილება.

  1. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისგან.
  2. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულებით, ამ დებულებითა და მერის მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციით.

 

 

მუხლი 5. ქონების მართვისა და ეკონომიკის სტრატეგიული განვითარების განყოფილება

 

განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული:

ა.ა) ქონების (უძრავ-მოძრავი) აღრიცხვას, რეგისტრაციას, ინვენტარიზაციას, ამ ქონების მონაცემთა ბაზის შექმნას და განახლებას; მუნიციპალური ქონების კატეგორიების განსაზღვრასა და შეცვლასთან დაკავშირებით რეკომენდაციების შემუშავებას.  სახელმწიფო საკუთრების ქონების მუნიციპალურ საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას;

ა.ბ) საწარმოთა წილების, აქციების, ფასიანი ქაღალდების აღრიცხვას, ინვენტარიზაციას, ამ ქონების მონაცემთა ბაზის შექმნას და განახლებას; მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოების საკითხებზე რეკომენდაციების შემუშავებას და ამ საწარმოებში პარტნიორის, აქციონერის უფლება-მოვალეობის განხორციელებას;

ბ) წინადადებების და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალური ქონების შექმნის, შეძენის, პრივატიზების, სასყიდლით ან უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებით პირობით ან უპირობოდ სარგებლობაში გადაცემის თაობაზე;

გ) მუნიციპალური ქონების შეფასების პროცედურებისა და მუნიციპალური საკუთრების განკარგვასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელებას; მუნიციპალური ქონების პრივატიზაციის გეგმის შემუშავებასა და განხორციელებას; მუნიციპალიტეტის სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების აღრიცხვას და რეგისტრაციას;

დ) ზედამხედველობას მუნიციპალური ქონების დაცვაზე, მოვლა-პატრონობაზე, მართლზომიერ სარგებლობასა და განკარგვაზე;

ე) ბუნებრივ რესურსებზე ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებით, წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებას; მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების ფარგლებში ბუნებრივი რესურსების მოპოვებასთან დაკავშირებით შეთანხმებების გაცემას;

ვ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ჩამოყალიბების ხელშეწყობას, ამხანაგობის აღრიცხვას და მონაცემთა ბაზის შექმნას;

ზ) წინადადებების და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საწარმოების დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის საკითხებზე;

თ) ეკონომიკური პოტენციალის ამაღლებისათვის, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სტიმულირების უზრუნველსაყოფად დარგობრივი მიმართულებების შესაბამისად სხვადასხვა ღონისძიების ორგანიზებას; ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების შემუშავებას;

ი) სოფლის მეურნეობის სფეროში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების ხელშეწყობას; საინვესტიციო პროექტების განხორციელებას და ხელშეწყობას და დაინტერესებულ პირთა საჭირო ინფორმაციით უზრუნველყოფას; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის განვითარების ხელშეწყობას; სოფლის მეურნეობის სფეროში მონაცემთა საინფორმაციო ბაზის შექმნას;

კ) განყოფილებას მიკუთვნებულ საკითხებზე სამსახურში შემოსული განცხადებების, მიმართვების (წერილების) განხილვას.

 

მუხლი 6. პროექტებისა  და პროგრამების განვითარების განყოფილება

 

განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში სხვადასხვა სფეროზე ორიენტირებული პროექტებისა და პროგრამების განხილვასა და მომზადებას;

ბ) ინოვაციური პროექტებისა და პროგრამების მომზადებას, მათი განხორციელების ხელშეწყობასა და სამართლებრივი დოკუმენტების პროექტების მომზადებას;

გ) მუნიციპალური სერვისების განვითარებას და მომსახურების ინოვაციური პროდუქტების შემუშავებას;

დ) მუნიციპალური სტატისტიკისა და მონაცემთა ციფრული ბაზების შემუშავებას;

ე) თანამშრომლობას საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან, ინვესტიციების და ინოვაციური პროექტების მოზიდვის მიზნით;

ვ) ინოვაციური ტექნოლოგიების პოპულარიზაციისა და მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით საინფორმაციო-საკომუნიკაციო კამპანიის ორგანიზებას.

ზ) მუნიციპალური ორგანიზაციების საქმიანობის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავებას, მუნიციპალური ორგანიზაციების მიერ განხორციელებულ პროექტებში მონაწილეობას;

თ) მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით ელექტრონული მექანიზმების დანერგვას, განვითარებასა და ცნობიერების ამაღლებას;

ი) მუნიციპალური ოფიციალური ვებ-გვერდების განვითარებასთან  დაკავშირებით წინადადებების შემუშავებას;

 

კ) განათლების სფეროში:

კ.ა) მუნიციპალიტეტში ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის მიწოდების მონიტორინგის, შეფასებისა და ანგარიშგების სისტემის შემუშავებას და განხორციელებას; ამ მიზნით მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის (პირების) საქმიანობის კოორდინაციას, შიდა მონიტორინგის შედეგების შესწავლას; წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერისთვის (შემდგომ – მერი) წინადადებების წარდგენას ინტერდისციპლინარული სამუშაო ჯგუფის შექმნისა და ჯგუფის წევრობის კანდიდატურების შესახებ, სტანდარტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად;

კ.ბ) სკოლამდელი და სკოლისგარეშე საგანმანათლებლო და სახელოვნებო დაწესებულებების საქმიანობას;

კ.გ) საჭიროების შემთხვევაში, პრობლემური საკითხების გადასაჭრელად მერთან წინადადებების წარდგენას;

კ.დ) მუნიციპალიტეტში საგანმანათლებლო რესურსცენტრთან ერთად საჯარო სკოლების ფინანსურ ხელშეწყობას და სარეაბილიტაციო პროგრამებში მონაწილეობას;

კ.ე) კომპეტენციის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საბიბლიოთეკო სისტემის განვითარებას, ლიტერატურული და საგამომცემლო საქმიანობის ხელშეწყობას, მუნიციპალური დაქვემდებარების ბიბლიოთეკების მატერიალური უზრუნველყოფის ზედამხედველობას;

კ.ვ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ბიბლიოგრაფიული მასალების შეგროვებას, სისტემატიზებას, დაგეგმილი და დასაგეგმი ღონისძიებების შეთანხმება-კოორდინაციას;

კ.ზ) განსაკუთრებით ნიჭიერ ბავშვთა და შემოქმედთა მხრდაჭერას, შესაბამისი გარემოს შექმნას და მათი საქმიანობის პოპულარიზაციას;

კ.თ) ბავშვებსა და ახალგაზრდებს შორის დამნაშავეობისა და სამართალდარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდების შესამუშავებლად სხვა შესაბამის უწყებებთან ერთად სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებისათვის ხელშეწყობას;

 

ლ) კულტურისა და ძეგლთა დაცვის სფეროში:

ლ.ა) მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის, კულტურის უძრავი და მოძრავი ძეგლების შესწავლას, შენარჩუნებას; სხვადასხვა ისტორიულ-კულტურული და შემოქმედებითი ნიმუშების (ფოლკლორის, ისტორიული, არქეოლოგიური, ეთნოლოგიური და ა.შ.) აღრიცხვას, დაცვას, შენარჩუნებას და პოპულარიზაციას;

ლ.ბ) მატერიალური და არამატერიალური კულტურის ძეგლების მოკვლევისა და დაცვის თვალსაზრისით სპეციალური მუნიციპალური პროგრამების შექმნას, საჭიროების შემთხვევაში სპეციალისტთა მოწვევას; მატერიალურ და არამატერიალური კულტურის ძეგლების მნიშვნელობისა და ღირებულებების შესახებ კონფერენციების მოწვევას და ძეგლების პოპულარიზაციას; სპეციალური საინფორმაციო გამოფენებისა და ფესტივალების დაგეგმვას, ორგანიზებას და კოორდინაციას;

ლ.გ) კომპეტენციის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მუზეუმების განვითარების ხელშეწყობას და ტურისტული პოტენციალის წარმოსაჩენად შექმნილი სპეციალური პროექტების შემუშავებას და მართვას, სარეკლამო-საინფორმაციო მასალების შექმნას, ტირაჟირებას და გავრცელებას;

ლ.დ) კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების გამოვლენას, მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნას;

ლ.ე) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ისტორიული ძეგლების აღრიცხვას, ინფორმაციის დამუშავებას და საჭიროების შემთხვევაში ისტორიული ძეგლების მოვლა-პატრონობის მიზნით შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურებისთვის ინფორმაციის მიწოდებას;

ლ.ვ) მასობრივი სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებების ჩატარების კოორდინაციას;

ლ.ზ) კულტურული, ტრადიციული მემკვიდრეობის შენარჩუნების მიზნით ამ პროფილის საგანმანათლებლო საქმიანობისა და პროფესიული დაოსტატების ხელშეწყობას, პროექტების შემუშავებას ან დამტკიცებული პროექტების კოორდინაციას და მონიტორინგს;

 

მ) ტურიზმის სფეროში:

მ.ა) ტურისტული პოტენციალის კვლევის, განვითარების, ტურისტული ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებისა და განვითარებისთვის ხელშეწყობას;

მ.ბ) ტურისტული სახეების მიხედვით ტურისტული მარშრუტების შემუშავებას და მათ პოპულარიზებას; ტურიზმის განვითარებისთვის კულტურული მემკვიდრეობის ღირსშესანიშნაობების წარმოჩენის გზით თემატური ღონისძიებების დაგეგმვას, განხორციელების ორგანიზებას და კოორდინაციას, ასევე, საერთაშორისო და ადგილობრივი გამოფენების ორგანიზებას, კოორდინაციას და მონიტორინგს;

მ.გ) ტურიზმის პოპულარიზების მიზნით, ადგილობრივი ტრადიციული დღესასწაულების პოპულარიზებას და ფესტივალების დამკვიდრებას;

მ.დ)  მუნიციპალური შიდა ტურისტული მარშრუტებით ახალგაზრდების დაინტერესებას, ლაშქრობებისა და სხვადასხვა გამაჯანსაღებელი და კრეატიული ღონისძიებების დაგეგმვას, პროექტების შედგენას და მონიტორინგს.

 

ნ) სპორტის სფეროში:

ნ.ა) მუნიციპალიტეტში ფიზიკური აღზრდის და სპორტის პერსპექტიული განვითარების გეგმების შემუშავებას და განხორციელებას;

ნ.ბ) მუნიციპალური დაქვემდებარების სპორტული ობიექტების მართვის კოორდინაციას;

ნ.გ) მასობრივი სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებების ჩატარების კოორდინაციას და ხელშეწყობას; მუნიციპალიტეტის სასპორტო ცენტრების სპორტსმენთა და სხვადასხვა ასაკის ნაკრები გუნდებისთვის, საწვრთნელო შეკრების, მუნიციპალური პირველობის და სხვადასხვა რანგების შეჯიბრებებში მონაწილეობის მიღების ორგანიზებას;

ნ.დ) ფიზიკური აღზრდის და სპორტის სფეროში თანამედროვე მეთოდების დანერგვას, ახალგაზრდობის და მოსახლეობის ფართო მასებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას;

ნ.ე) მუნიციპალიტეტის მმართველობაში არსებული სპორტის ბაზების მოვლა-პატრონობაზე მონიტორინგს;

ნ.ვ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების შესაბამისი პროგრამების დაგეგმვას და შესაბამის ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობაზე ზრუნვას;

ნ.ზ) სპორტული კლუბებისა და სამოყვარულო გუნდების საქმიანობის ხელშეწყობას;

ნ.თ) სპორტის საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს მუნიციპალიტეტებთან საქმიანობის კოორდინაციას, მუნიციპალიტეტის დაძმობილებულ ქალაქებსა და სხვა ქვეყნების ქალაქების სპორტის შესაბამის სამსახურებთან კონტაქტების განვითარებას.

 

ო) ახალგაზრდობის სფეროში:

ო.ა) სტუდენტურ და ახალგაზრდულ ორგანიზაციათა საქმიანობის მხარდაჭერას და ხელშეწყობას;

ო.ბ) ახალგაზრდების პრობლემებთან დაკავშირებით კვლევითი საქმიანობის განხორციელებას, პრიორიტეტული საკითხების გამოვლენას და მათი გადაწყვეტის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარებას, რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავებას;

ო.გ) საერთაშორისო და ადგილობრივი ახალგაზრდული პროექტების დაგეგმვას, განხორციელებას;

ო.დ) ახალგაზრდებში სპორტისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციის მიზნით მასობრივი ღონისძიებების დაგეგმვას და განხორციელებას; ახალგაზრდებში მოხალისეობის ინსტიტუტისა და სოციალური მეწარმეობის განვითარების მიზნით პროექტების წახალისებას და ხელშეწყობას;

ო.ე) ახალგაზრდობის დასაქმებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით, სტაჟირების პროგრამების განხორციელებას  და აქტიური თანამშრომლობის ჩამოყალიბებას კერძო სექტორთან;

ო.ვ) ახალგაზრდული ინიციატივებისა და იდეების მხარდაჭერას, ნიჭიერი ახალგაზრდების წახალისების პროგრამების შემუშავებას;

ო.ზ) სოციალურად დაუცველის, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლის, იძულებით გადაადგილებული და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდების საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით პროექტების შემუშავებას და განხორციელებას;

ო.თ) ახალგაზრდობის საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ჩაბმის მიზნით შესაბამისი პროექტების შემუშავებას და განხორციელებას;

ო.ი) მერიის პროგრამებში ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობას;

ო.კ) ურთიერთობებისა და თანამშრომლობის განვითარებას სტუდენტურ და ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან;

 

პ) კომპეტენციის შესაბამისად სამსახურში შემოსული განცხადებების, მიმართვების (წერილების) განხილვას;

 

ჟ) სამსახურის:

ჟ.ა) საქმიანობასთან დაკავშირებული მერის მიერ გამოსაცემი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას;

ჟ.ბ) სამსახურის ფუნქციებს მიკუთვნებულ საკითხებზე მიიღოს მონაწილეობა მუნიციპალიტეტის პრიორიტეტის დოკუმენტისა და პროგრამული ბიუჯეტის პროექტის შემუშავებაში და მათ შესრულებაში;

 

რ) დადგენილი წესით  სამსახურის ფუნქციებს მიკუთვნებულ საკითხებზე შესაბამისი დოკუმენტაციის, გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის მომზადებას და ინფორმაციის წარდგენას მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოებსა და მის თანამდებობის პირებთან

ს) მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა  და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებით, ამ დებულებით და მერის დავალებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

მუხლი 7. მოსაკრებლების აღრიცხვის და მართვის განყოფილება

განყოფილება უზრუნველყოფს:

ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღების/გაუქმების და კანონით განსაზღვრული ზღვრული ოდენობის ფარგლებში შესაბამისი განაკვეთების დადგენის საკითხებზე წინადადებების მომზადებას; ამ სფეროში შესაბამისი ინფორმაციის შეგროვებას, დამუშავებას, ანალიზს, სათანადო დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;

ბ) ადგილობრივი მოსაკრებლების:

ბ.ა) ადმინისტრირებას მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად;

ბ.ბ) დაგეგმვასა და აღრიცხვას წლის, კვარტალის, თვეების და აგრეთვე ცალკეული გადამხდელების მიხედვით;

ბ.გ) გადამხდელებზე სათანადო ინფორმაციების მიწოდებას გადასახადის ვადების და მოცულობის შესახებ;

გ) მუნიციპალიტეტის საგადასახადო-საინფორმაციო ბაზის შექმნას და განახლებას; ადგილობრივი მოსაკრებლების გადამხდელთა ბაზის შექმნას და მათ მიერ შესასრულებელი ვალდებულებების პერიოდულ ანალიზს;

დ) მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა, თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

 

თავი IV

სამსახურის მართვა

 

მუხლი 7. სამსახურის ხელმძღვანელობა

სამსახურის მუშაობას ხელმძღვანელობს, ორგანიზებას და კოორდინაციას უწევს სამსახურის უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.

 

 

მუხლი 8. სამსახურის უფროსი

  1. სამსახურის უფროსი:

ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურისთვის დაკისრებული ამოცანების და ფუნქციების შესრულებისთვის;

ბ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესებს, ფორმებსა და მეთოდებს, სამსახურის მოხელეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;

გ) ანაწილებს დავალებებს სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და მოხელეებს შორის, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებითა და მერის დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას;

დ) იბარებს და აფასებს სტრუქტურული ქვედანაყოფის ან/და მოხელეების ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ;

ე) უზრუნველყოფს მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად აუცილებელი პირობების შექმნას;

ვ) უზრუნველყოფს სამსახურის მოსამსახურეთა მიერ მერიის შინაგანაწესისა და შრომის დისციპლინის დაცვას;

ზ) მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, სამსახურის სტრუქტურის, საშტატო რიცხოვნობის, მუშაობის ორგანიზაციის, მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, მოხელეთა პროფესიული განვითარების შესახებ, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით;

თ) მერს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებს და რეკომენდაციებს;

ი) ამოწმებს სამსახურში დაცული დოკუმენტების ასლებს და გასცემს ცნობებს მათ საფუძველზე, შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში;

კ) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;

ლ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

  1. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მერის და საკრებულოს წინაშე.
  2. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, სამსახურის უფროსის ფუნქციის შესრულება ეკისრება სამსახურის ერთერთი განყოფილების უფროსს.

 

 

მუხლი 9. განყოფილების უფროსი

  1. სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფს – განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.
  2. განყოფილების უფროსი:

ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას;

ბ) ახორციელებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეთა საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას;

გ) ანაწილებს დავალებებს განყოფილების მოსამსახურეებს შორის, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებითა და სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას;

დ) პასუხისმგებელია განყოფილებისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

ე) ამ დებულებით განყოფილებისთვის განსაზღვრული საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად შეიმუშავებს და სამსახურის უფროსს წარუდგენს განყოფილების მოხელეთათვის ფუნქციების განაწილებას და სამუშაო გეგმას;

ვ) განსაზღვრავს განყოფილების მოხელეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;

ზ) სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს განყოფილების მოსამსახურეთა კუთვნილი შვებულების გამოყენების, მივლინების, წახალისებისა ან/და დისციპლინური პასუხიმგებლობის თაობაზე;

თ) ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს განყოფილების მოსამსახურეთა მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას;

ი) განსაზღვრავს განყოფილების საქმიანობის ორგანიზაციისა და დაგეგმარების წესს, შეიმუშავებს წინადადებებს განყოფილების მუშაობის სრულყოფის საკითხებზე;

კ) აუცილებელ პირობებს უქმნის განყოფილების მოსამსახურეებს მათი ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისთვის;

ლ) ამზადებს და სამსახურის უფროსს წარუდგენს ანგარიშებს განყოფილების მიერ სამუშაო გეგმებით და ცალკეული დავალებებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესახებ;

მ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

  1. განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე.
  2. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, განყოფილების უფროსის ფუნქციის შესრულება ეკისრება განყოფილების მესამე რანგის მაღალ იერარქიულ საფეხურზე მყოფ ერთ-ერთ მოხელეს.

 

თავი V

საჯარო მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები

 

მუხლი 10. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა უფლებები

სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს უფლება აქვთ:

ა) წარუდგინონ უშუალო ხელმძღვანელს წინადადებები მათი საქმიანობის თაობაზე;

ბ) მიიღონ მათი მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები;

გ) ისარგებლონ მათი მუშაობისათვის საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით;

დ) დააყენონ უშუალო ხელმძღვანელის წინაშე საკითხი მოსამსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობის შესრულებისთვის საჭირო პირობებით უზრუნველყოფის შესახებ;

ე) ისარგებლონ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებით და გარანტიებით.

 

 

მუხლი 11. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა ვალდებულებები

სამსახურის საჯარო მოსამსახურეები ვალდებულნი არიან:

ა) შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, მერიის დებულებით, ამ დებულებით, მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებითა და მერის დავალებით განსაზღვრული ვალდებულებანი;

ბ) დროულად და სრულყოფილად შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელის დავალებები;

გ) შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში დაიცვან საიდუმლოების რეჟიმი;

დ) იმუშაონ საკუთარი პროფესიული მომზადების დონის ასამაღლებლად;

ე) განუხრელად შეასრულონ დადგენილი შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები;

ვ) გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ ტექნიკას, ინვენტარს და სხვა ქონებას.

 

 

მუხლი 12. საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნა, სამსახურებრივი მოვალეობები და თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრა

  1. სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
  2. სამსახურის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება მერიის საშტატო ნუსხით, რომელსაც მერის წარდგინებით ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.
  3. მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობები განისაზღვრება თანამდებობრივი ინსტრუქციებით, რომელსაც ამტკიცებს მერი.
  4. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მერის წარდგინებით, განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის საკრებულო.

 

თავი VI

დასკვნითი დებულებანი

 

მუხლი 13. სამსახურის დებულების დამტკიცება და ცვლილების შეტანა

  1. სამსახურის დებულებას მერის წარდგინებით ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.
  2. სამსახურის დებულებაში ცვლილება შეიძლება შეტანილ იქნეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
  3. სამსახურის რეორგანიზაცია, მისი საქმიანობის შეწყვეტა (გაუქმება) ხორციელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.