ქალაქ ჯვარში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ამბულატორია გაიხსნა. ახალი სამედიცინო დაწესებულება ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ დაათვალიერა.
მინისტრის განცხადებით, ახალი ამბულატორია რეგიონში პირველადი ჯანდაცვის განვითარების თვალსაჩინო მაგალითია. მისი თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონებში ამბულატორიული სერვისების გაძლიერება და მოსახლეობისთვის ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება. მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, სამინისტრო ამ მიმართულებით მუშაობას მომავალშიც გააგრძელებს.
სამედიცინო დაწესებულება შესაბამისი ინვენტარითა და თანამედროვე აღჭურვილობით არის უზრუნველყოფილი, რაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის პირველადი ჯანდაცვის მომსახურების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.
ამბულატორიაში სამი ექიმი და სამი ექთანი იმუშავებს. სამედიცინო პერსონალი პირველადი ჯანდაცვის მომსახურებას ჯამში დაახლოებით 5 000 მოქალაქეს გაუწევს.
ქალაქ ჯვართან ერთად, ამბულატორია სოფელ ოჭანესა და სოფელ ნაკას მცხოვრებლებსაც მოემსახურება, რაც მათთვის სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობას გაზრდის.
მინისტრთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ პარლამენტის წევრები ირაკლი ზარქუა და ილია ინჯია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის დირექტორი მალხაზ ჟორჟიკაშვილი, სოფლის ექიმის სახელმწიფო პროგრამის ხელმძღვანელი პავლე კაპანაძე, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გუბა საჯაია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.