წალენჯიხის მუნიციპალიტეტს ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები ესტუმრნენ
წალენჯიხის მუნიციპალიტეტს ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები ესტუმრნენ.
საელჩოს პოლიტიკური ოფიცრები ჯერი მაკინტოში, გივი გაბანელი და თანაშემწე პოლიტიკის საკითხებში ხათუნა ჭითანავა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანიას შეხვდნენ.
შეხვედრის მიზანი ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავება გახლდათ.
შეხვედრა წალენჯიხის კოალიციური თვითმართველობის, როგორც დემოკრატიული მართველობის მოდელის გაცნობით დაიწყო.
სტუმრები დაინტერესდნენ, როგორ მიმდინარეობს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში დემოკრატიის მშენებლობა. კერძოდ, კი თუ როგორ მუშაობს წალენჯიხაში კოალიციური თვითმართველობა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მერის მოადგილე თამარ ბელქანიამ ისაუბრა მრავალპარტიული თვითმმართველობის დადებით მხარეებზე, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფორმირების საკითხებში მოქალაქეთა
აქტიურ ჩართულობაზე. იმ დიდ ინფრასტრუქტურულ თუ საგანმანათლებლო პროექტებზე, რომელიც ბოლო პერიოდში წალენჯიხაში განხორციელდა.
” 2021 წლის არჩევნებში წალენჯიხაში კოალიციური ხელისუფლების გამარჯვებით დაიწყო მოქალაქეთა აქტიური ჩართულობა თვითმმართველობაში.
ჩვენთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტი გახლავთ ხალხის დაკვეთა და ახალგაზრდობის ჩართულობა წალენჯიხაში მიმდინარე პოლიტიკურ თუ კულტურულ- საგანმანათლებლო ცხოვრებაში. დავიწყეთ საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება. გაიხსნა მუნიციპალური დაფინასებით აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვთა აბილიტაცია- რეაბილიტაციის ცენტრი, ბიუჯეტიდან განხორციელდა პირველკლასელთა კვების უზრუნველყოფა, ამოქმედდა სტუდენტთა დასაქმების პროგრამა; გაიხსნა იუვენტუსის ბავშვთა ფეხბურთის აკადემია, IT აკადემია, დაფუძნდა ყოველწლიური ლიტერატურული ფესტივალი-გრანელი;
განხორციელდა მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც უკავშირდება გზების, ხიდების რეაბილიტაცია-მშენებლობას.
კოალიციური ხელისუფლება ეს არის საქართველოს ისტორიული მოცემულობა და ლოგიკური მომავალი. მრავალპარტიული სისტემა ხელს უწყობს ქვეყანაში რეალური დემოკრატიის მშენებლობასა და საბჭოთა მემკვიდრებით მიღებული ერთპარტიული მმართველობის დაძლევას“ .-აღნიშნა თამარ ბელქანიამ.
მერის მოადგილემ, ასევე ისაუბრა წალენჯიხა-უკრაინის ურთიერთობებზე, მათ შორის ქ. იავოროვთან დამეგობრებასა და ჰუმანიტარულ დახმარებებზე. წალენჯიხისა და ამერიკის საელჩოს ურთიერთობებზე, ყოფილი ელჩის კელი დეგნანის ვიზიტის მნიშვნელობაზე და ამ ურთიერთობების გაღრმავებაზე, წალენჯიხაში ამერიკული თაროს განხნაზე.
“მოხარული ვართ თქვენი სტუმრობით და იმედს ვიქონიებთ, უფრო გაღრმავდება საელჩოსთან ურთიერთობები იმისათვის,რომ ფეხი ავუწყოთ ახალ გამოწვევებს”-აღნიშნა თამარ ბელქანიამ.
შეხვედრა აქტიური დიალოგის რეჟიმში გაიმართა.
ამერიკის საელჩოს თანამშრომლებმა დადებითად შეაფასეს დღევანდელი შეხვედრა და აღნიშნეს, რომ უახლოეს მომავალში შესაძლოა წალენჯიხას ამერიკის ელჩი რობინ დანიგანი თავად ეწვიოს.